(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძე: მერიასთან ბიუროკრატიული პროცედურები შემცირდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიმართულებით 20-25 შეკითხვა დასვეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ. 

"მერიის სამსახურებმა და ბატონმა კახამ გაგვაცნეს განსახორციელებელი გეგმები. ზოგიერთი მათგანი ვიცოდით და ბევრი ახალიც გავიგეთ. მერმა აღგვითქვა, რომ უფრო ეფექტური, პროფესიული კომუნიკაცია იქნება მერიასა და ჩვენს შორის და ეს პროცესი ყოველთვის კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს“, - განაცხადა ფხაკაძემ. 
მისივე თქმით, განსახილველ საკითხებს შორის მერიაში არსებული ბიუროკრატიული ბარიერები იყო. 

"რაც უფრო ნაკლები ბიუროკრატია იქნება ჩვენს ქვეყანაში და აქეთკენ მივდივართ, ეს უფრო კარგი იქნება მერიისთვის, საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვის და ა.შ. მე ვფიქრობ, ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ყველაფერი ორ წუთში ვერ გაკეთდება, მაგრამ მთავარია, გინდოდეს ამის გაკეთება და ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები, რაც აქვს მერიას. შემოვა ერთი სარკმლის პრინციპი, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენს პარტნიორობას“, - აღნიშნა ფხაკაძემ. 

გარდა ამისა, ფხაკაძის ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა კახა კალაძესთან ისეთი პრობლემებიც განიხილეს, რაც გზების მოწესრიგებას, ეკოლოგიას და ტაქსებს ეხება. 
მსგავს ფორმატში შეხვედრების განახლება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

ლინკი