(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

25 მარ '15

მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ. 
ეხვედრა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ საკითხებს, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბარს დაეთმო. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა  და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან მაღალი ნდობა. ასეთი შეხვედრები კი, მისი აზრით, ზუსტად იმისთვის იმართება, რომ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს  ის ღონისძიებები, რომელსაც ეროვნული ბანკი განახორციელებს.
როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე მოვუსმინოთ ბიზნესის წარმომადგენლების ანალიზსა და შეფასებებს. მათ ხედვებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ როგორც ჩვენ, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ სწორი მოლოდინები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები შექმნილ სიტუაციაში. ჩვენ მოვახსენებთ მათ ჩვენს ხედვებს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს გეგმებს, რას ვაპირებთ."
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა: „ჩვენ გვინდა, დავინახოთ რომ ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში. გახსოვთ, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან გვქონდა შეხვედრა. ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. პირველ ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავთ. იცით, რომ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში ელოდება კურსის გამყარებას. პირადად მეც ველოდები, რომ სავალუტო შემოდინებები, ზაფხულის განმავლობაში გაცილებით მეტი იქნება. საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ და ყველამ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ".