(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან

17 აპრ '18

2018 წლის 17 აპრილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ  გიორგი გახარიას შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში პირველად შეხვედა ასოციაციის წევრებს, ბიზნესმენებთან იმ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, რაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯთან და  გააცნო ის რეფორები, რომელთა განხორციელებას სამინისტრო ახლო მომავალში აპირებს.

ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ  შინაგან საქმეთა მინისტრთან   ესაუბრათ ქვეყანაში  ბიზნესის განვითარების მიმართულებით  უსაფრთხოებასა და არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე.

 „საქართველოში ეკონომიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას, რა სახისაც იქნება იდენტიფიცირებული. ჩვენი ძირითადი გამოწვევა გახლავთ ის, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, არამედ მათ შორის უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც, ეს ქვეყანა უნდა გადავაქციოთ გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნად, ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა.

როგორც შეხვედრის შეფასებისას ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა,  უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს და  საქართველო ამ მხრივ რეგიონში ნამდვილად ლიდერია, როგორც უსაფრთხო იმიჯის მქონე ქვეყანა. აღნიშნულის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესს  ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პერიოდულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, ცალკეული პრობლემების გარშემო დიალოგი, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტურად მიღწევას.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს რომ  ეს თანამშრომლობა შინაარსობრივი და საინტერესო შედეგის მომტანი იქნება.