(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩიქოვანთან

30 აპრ '18

2018 წლის  27 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩიქოვანთან.

შეხვედრაზე დისკუსია ელექტროენერგეტიკული ბაზრის დაგეგმილი რეფორმის ირგვლივ წარიმართა, კერძოდ, მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა სამინისტროს ხედვა ელექტროენერგეტიკული ბაზრის გარდამავალი (ე.წ. ჰიბრიდული) მოდელის შესახებ, რომელიც ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ლიბერალიზაციას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ბაზრის დერეგულირება არის ერთ-ერთი ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობას ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ გაუჩნდა და, მათ შორის, გულისხმობს საბოლოო მოხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიმწოდებლის არჩევის თავისუფლებას. ამასთან, ბაზრის გარდამავალი მოდელის შესაბამისად, ბინათმოსარგებლეები დარჩებიან სატარიფო მომხმარებლებად, თუმცა ინდუსტრიული და კომერციული მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა იქნება სრულად დერეგულირებული. ამ მიზნისთვის, წლის ბოლომდე იგეგმება კანონდებლობით მიმწოდებლის ინსტიტუტის განსაზღვრა, რადგანაც აქამდე ელექტროენერგიის გადაყიდვის უფლება მხოლოდ ბაზრის კომერციულ ოპერატორს ქონდა.

გიორგი ჩიქოვანმა კომპანიების წარმომადგენლებს ასევე აცნობა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივ გადაავადოს 1 მაისიდან მაღალი ძაბვის (35/110 კვ) საფეხურიდან ელექტროენერგიის მომხმარებელი კომპანიების პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რაც სწორედ მიმწოდებლების ინსტიტუტის არარსებობით აიხსნა.

დასასრულს, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ სამინისტროსთან ბაზრის რეფორმის მიმდინარებისას, თავის მხრივ, გიორგი ჩიქოვანმა გამოხატა მზაობა უზრუნველყოს რეფორმის პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობა და კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მაისის ბოლომდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დეტალური განხილვა.