(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონი განიხილეს

10 ნოემ '23

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ზოგადად კანონით გათვალისწინებულ სიახლეებზე. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლის გათვალისწინებაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონით დაკისრებული ვალდებულებების დანერგვის პროცესში დაეხმარებათ. კერძოდ, საუბარი შეეხო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის წესსა და მის ფუნქციებს, საჯარიმო სანქციებს და აღსრულების მექანიზმებს, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების საკითხებს.

„პერსონალური მონაცემების დაცვა და მათი სწორი დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, შესაბამისად, კანონში ნებისმიერი სახის ცვლილებაზე სექტორის დროული ინფორმირება და კონსულტირება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს კანონის აღსრულების პროცესში, რომელიც ძალაში შედის 2024 წლის მარტიდან. მადლობას ვუხდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს თანამშრომლობისთვის, დეტალური პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაფართოებულ ფორმატში კერძო სექტორთან შეხვედრას მიმდინარე წლის 14 ნოემბერსაც გამართავს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი.