(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს

6 დეკ '23

საბაჟო პროცედურებთან და ლოგისტიკურ ფორმალობებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული გეზ-ების სამუშაო პროცესის აღწერას, საბაჟო ფორმალობების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების გზებს, ოპერაციათა ოპტიმიზაციის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ყურადღება ასევე, გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვის დროს საზღვრის კვეთის პროცედურულ გართულებებზე, კერძოდ რიგების საკითხზე, რომლის გამო  კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდება ფერხდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსზე, რომელიც კომპანიებს ტვირთის გაფორმებისას ახალ გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს რეექსპორტის განხორციელების პროცესში არსებული პროცედურების გაუმჯობესების მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და შემოსავლების სამსახურს საკმაოდ ინტენსიური და ამავდროულად, პროდუქტიული კომუნიკაცია აქვს, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა, ვინაიდან ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დაყენებული საკითხები პირდაპირ კავშირშია ამ უწყების საქმიანობასთან. დეტალურად განვიხილეთ წევრი კომპანიების მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტზე დაყენებული საკითხები, რომელიც ძირითადად საბაჟო პროცედურებს ეხება და ბუნებრივია, აქაც შევთანხმდით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე, რადგან ბიზნესის შეუფერხებელი ოპერირება, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.