(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძის კომენტარი სასამართლო სისტემის შესახებ, BAG ინდექსის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით

"ამჯერად, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი ასოციაციის წევრების თხოვნა და BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევაში საკვლევ საკითხთა სიაში შევიტანეთ კითხვები სასამართლოს ეფექტიანობის, მისადმი ნდობისა და წევრების აზრით, ამ მიმართულებით დროულად მოსაგვარებელი პრობლემატური საკითხების შესახებ," — ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ასოციაციის კვლევის შედეგებს აფასებს. 

 BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების  33.4% სასამართლო სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაშინ როცა 39.2%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ჯამურად არაეფექტიანი ან/და ძალიან არაეფექტიანია. ბიზნეს ოპერატორების აღნიშნული შეფასება აჩვენებს, საკმაოდ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების მესამე შტოს მიმართ ბიზნესს აქვს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა გადამწყვეტიც შეიძლება იყოს ბიზნეს ოპერატორების საინვესტიციო აქტივობის ზრდისათვის. ის, რომ სასამართლოში განხილვის ვადებთან და ბიზნეს დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხთან დაკავშირებით ბიზნესში არსებობს კითხვის ნიშნები ამაზე ჩვენ უკანასკნელი წლებია აქტიურად ვსაუბრობთ.

ამასთან, ჩვენ მივესალმებით იმ რეფორმასაც, რომელიც კომერციული დავებისთვის ცალკე მოსამართლის გამოყოფას გულისხმობდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა.

სწორედ ეს შედეგი აისახა ჩვენი ასოციაციის BAG ინდექსის კვლევაშიც, რომლის წარმოებაც ჩვენ 2019 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ და რომელიც ძალიან კარგად ასახავს ბიზნესის მოსაზრებებს, განწყობებს და ხედვებს სხვადასვა თემატიკის მქონე საკითხებზე.

შესაბამისად, კვლევის შედეგად მიღებული ბიზნესის მოსაზრებები უნდა გახდეს მომავალ პარლამენტთან, მთავრობასთან და იუსტიციის საბჭოსთან დისკუსიის კარგი სახელმძღვანელო დოკუმენტი. დარწმუნებული ვართ, რომ ლიბერალურ საგადასახადო გარემოსთან ერთად ეფექტიანი სასამართლო სისტემა გახდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კარგი წინაპირობა. ამიტომაც, ჩვენ, როგორც უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, ბუნებრივია, დაინტერესებული და მოწოდებული ვართ, დროულად დავიწყოთ დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც, ერთის მხრივ, მოგცემს ეფექტიან შედეგს როგორც სასამართლოში განხილვების ვადების შემჭიდროვების კუთხით,

ასევე, გაზრდის სასამართლოსადმი ბიზნესის ნდობას და აამაღლებს მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხს"- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

ბმული