(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-შორაპანის მონაკვეთის გახსნას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

30 ოქტ '23

“საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენს ქვეყანას, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქვს მკვეთრად გამოხატული ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია. წარმოუდგენელია ამ ფუნქციის სრულფასოვანი შესრულება და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება, თუ ქვეყანას არ აქვს თანამედროვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ტვირთბრუნვის 60%-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებით ხორციელდება. 

განსაკუთრებით მისასალმებელია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დიდი ნაწილის დასრულება. ეს
მონაკვეთი, მისი რელიეფიდან გამომდინარე, ყველაზე გამომწვევი და რთული ნაწილი იყო, სადაც სამშენებლო პროცესს გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები უძღოდა წინ. რიკოთზე გვირაბებისა თუ ხიდების მშენებლობის მცდელობას საბჭოთა 
პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, რაც მაშინ ვერ განხორციელდა და ობიექტურად მისასალმებელია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ეს ისტორიული პროექტი დასასრულს უახლოვდება.

რიკოთის მონაკვეთის და ზოგადად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მისი სწრაფი დასრულება სამი ძირითადი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი:

1) უსაფრთხოების სტანდარტი. მთელი დეკადების განმავლობაში ვინ მოთვლის რამდენ საგზაო შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამ მონაკვეთზე, რომელთაგან მრავალი ფატალური შედეგით დასრულდა. 4 ზოლიანი, თანამედროვე ავტომაგისტრალი საგზაო შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს;

2) მნიშვნელოვნად მცირდება მოგზაურობის მანძილი და შესაბამისად გადაადგილების დრო. ამ ფაქტორს უაღრესად პოზიტიური ზეგავლენა ექნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. პოზიტიური იქნება გავლენა ბიზნესზე: შემცირებული დრო და ავტომაგისტრალის მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი გაზრდის ტვირთგამტარიანობას, შეამცირებს ხარჯებს, ხელს შეუწყობს მობილობის ზრდას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, ბიძგს მისცემს ტურიზმის შემდგომ განვითარებას და სხვა მრავალი;

3) რეგიონალური და საერთაშორისო თვალსაზრისით, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არის იმ ხიდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს პროექტი პირდაპირპროპორციულ კავშირშია საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის მნიშვნელოვან ზრდასთან, ამ სიკეთის ტრანსლიაცია კი აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის
პარამეტრებში”- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს
ასოციაციის განცხადებაში.