(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამედიცინო სექტორის წევრი  კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ

2 აპრ '24

ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები და მიმდინარე რეფორმები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ასოციაციის წევრი კომპანიების დამფუძნებლებმა და დირექტორებმა დეტალურად ისაუბრეს ჰოსპიტალური და ფარმაცევტული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და განვითარების აუცილებლობაზე.

საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებას, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა მიმდინარე საკითხებს.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ამ საკითხებზე პირდაპირი დიალოგი და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ოპერატიულად მიწოდების თვალსაზრისით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფორმატით შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ საკითხებს.  ამ სექტორში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული რეფორმების  დანერგვის შემდგომ მიღებული გამოცდილება და  პრაქტიკა აჩვენებს, რომ საჭიროა გარკვეული მეთოდოლოგიური კორექტივების შეტანა. შევთანხმდით, რომ მსგავსი ფორმატით შეხვედრები უახლოეს მომავალში კვლავ გაგრძელდება. ჩვენი ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი, უწყვეტი და ხელმისაწვდომი ჰოსპიტალური სერვისისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ეს არის ის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდება და ამ მიმართულებით პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობა გაგრძელდება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.