(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

შავლეგ მიშველაძე: „ახალი კომიტეტი იქნება ღირსეული ფლაგმანი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც შავლეგ მიშველაძე უხელმძღვანელებს. ახალი კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი BAG-ის სამეთვალყურეო საბჭომ 30 იანვარს ოფიციალურად დაამტკიცა. კომიტეტის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტთან“ შავლეგ მიშველაძემ ისაუბრა.
 
- BAG ში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც თქვენ უხელმძღვანელებთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ამ ეტაპზე მსგავსი კომიტეტის შექმნა და კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს ის?
 
- საუბარია იმ ბიზნეს სექტორზე, რომელიც არის უმსხვილესი გადამხდელი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი. ამიტომ, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის შექმნა BAG-ის ფორმატში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ეს განსაკუთრებით ამ ეტაზპე, როდესაც ნავთობსექტორში უამრავი აქტუალური თემა  დაგროვდა.  ზოგადად, ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია გახლავთ ის ბიზნესს მიმართულება, რომელიც დინამიურად ვითარდებოდა უნდა განვითარდეს საქართველოში. კომიტეტის შექმნა განაპირობა იმ გამოწვევებმა, რაც დგას ამ სექტორის წინაშე, არა მხოლოდ ევროპულ კანონმდებლობასთან ინტეგრირების ვალდებულებების ნაწილში, არამედ იმ კუთხითაც, რაც უკავშირდება საწვავის ხარისხსა  და პროდუქციის სწორ აღრიცხვიანობასთან. მისახედია აგრეთვე ისეთი ტიპის საკითხები, როგორიცაა ავტოგასამართი სადგურების უსაფრთხოება და ზოგადად ინფრასტრუქტურის შესაბამისობა თანამედროვე სტანდარტებთან.
 
კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობა მიმართული იქნებ თითოეული პრობლემის მოწესრიგებისაკენ და იმისაკენ, რომ  ის დინამიკა, რაც  არსებობდა წლების განმავლობაში აღნიშნულ სექტორში,  შევინარჩუნოთ,  განვავითაროთ და სხვა სიმაღლეზე ავიყვანოთ.
 
BAG-ს ფორმატში კომიტეტი არის საკმაოდ ძლიერი ბერკეტი - ვინაიდან საკუთრივ BAG წარმოადგენს უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში და არის ბიზნესის ინტერესების  უალტერნატივო დამცველი. ახალი კომიტეტი იქნება ეფექტური და პროფესიული სტრუქტურა კონკრეტული ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით.
 
 
- ნავთობპროდუქტების ბიზნესი ბოლო პერიოდში ქაოსურად ვითარდებოდა, რამაც შექმნა პრობლემა, როგორც პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით, ასევე ბიუჯეტთან ანაგარიშსწორების კუთხით. რამდენად მნიშვნელოვანი როლს შეასრულებს კომიტეტი ამ სფეროში მოღვეწე კომპანიებისთვის?
 
- დიდი საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას სჭირდება მკაფიო წესები, დინამიკა და ორიენტირები. ეს ეხება არამარტო ნავთობს, არამედ ნებისმიერ სხვა ბიზნესს. ჩვენი ზრუნვის საგანი, მათ შორის ისიც იქნება, რომ ამ ბიზნესში, ამ უმნიშვნელოვანეს სეგმენტში, სტაბილურობა განვითარების კუთხით შენარჩუნდეს და წესები, რომლებიც უკვე დამკვიდრებულია ან რომლებიც დამკვიდრდება, იყოს მაქსიმალური ეფექტის მომტანი ქვეყნისა და მომხმარებლებისათვის. ევროპასთან ინტეგრაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებები აუცილებელს ხდის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებების ახალ სიმაღლეზე აყვანას -  გარემოს დაცვა და ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვა, ხარისხთან შესაბამისობა, მავნე ზემოქმედების თავიდან არიდება, და ა.შ.
 
- რა მთავარი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით პირველ ეტაპზე და რა იქნება თქვენი როგორც, ამ კომიტეტის ხელმძღვანელის მთავარი მიზნები?
 
- როდესაც ვსაუბრობთ ნავთობის სექტორზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, საწვავის ხარისხზე და ადამიანებზე, რომლებიც მოღვაწეობენ ამ სფეროში და ეს არის ათასობით ადამიანი, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ ინდუსტრიას უკავშირდება, ბუნებრივია, არის პრიორიტეტული. ჩვენ რამდენიმე საკითხთა სპექტრზე ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას და ვფიქრობთ, რომ ზოგან შედეგი დადგება უფრო ადრე, ზოგან ცოტა მოგვიანებით, თუმცა ფაქტი არის ერთი რამ, რომ თითოეული ნაბიჯი, თითოეული ჩვენი ხედვა იქნება მიმართული იმ უკეთესი ორიენტირისკენ რა გზითაც აღნიშნული ბიზნესის სფერო უნდა განვითარდეს.
 
- თქვენ აღნიშნულ სექტორში გაქვთ 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერული დონის მართვაში. უფრო კონკრეტულად, რომ გვესაუბროთ თქვენი განვლილი საქმიანობის შესახებ.
 
- 2004 წლიდან ვმოღვაწეობ აღნიშნულ სექტორში.  დაგროვილი  15 წლიანი გამოცდილება საშუალებას მომცემს მაქსიმალურად ეფექტურად შევუდგე თითოეული პრობლემის გადაწყვეტისა და მოგვარების საკითხს.  ნავთობ კომპანიებში მუშაობის წყალობით ჩემთვის შიგნიდან არის ცნობილი არსბეული პრობლემების არსი. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გამოვა და მივიღებთ შედეგს  - ძლიერი და განვითარებადი ინდუსტრიის სახით. ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო BAG -ის სამეთვალყურეო საბჭოს ჩემდამი გამოხატული ნდობისათვის.