(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

BAG-„საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარზე ხორციელდება გაურკვეველი პროდუქტის გაურკვეველი მიზნებისთვის იმპორტი, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს“

„საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარზე ხორციელდება გაურკვეველი პროდუქტის გაურკვეველი მიზნებისთვის იმპორტი, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს“  - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს.
 
 
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავად ციფრები არიან მრავლისმთქმელი - 2016 წელს იმპორტირებულია მხოლოდ 1,7 ტონა, 2017 წელს - 872 ტონა, 2018-ში 5 483 ტონა, ხოლო 2019-ში 12 617 ტონა - საუბარია სასაქონლო ნომენკლატურის ერთ-ერთ კოდზე, რომელზეც იმპორტირებული ნავთობპროდუქტის ოდენობა წლიდან წლამდე ლამის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ერთი „პატარა“ დეტალი - აღნიშნული სასაქონლო კოდი არ იბეგრება აქციზით - შესაბამისად მასზე იმპორტირებისას იმპორტიორი იბეგრება მხოლოდ დღგ-თი.
 
 
„აციკლური ნახშირწყალბადები“ - ასე იწოდება სასაქონლო კოდი, რომელზეც იმპორტირებული პროდუქტის შემდგომი დანიშნულება ჩვენთვის სერიოზული კითხვის აჩენს. ვფიქრობთ, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული კოდით არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები უაქციზოდ ახდენენ ნავთობპროდუქტის იმპორტს, რომელიც შემდგომში ხვდება სარეალიზაციო არხებში. ხშირ შემთხვევაში, სწორედ მსგავსი გარემოებებია ბრენდულ და არაბრენდულ კომპანიებს შორის ბაზარზე არსებული აუხსნელი ფასთასხვაობის უმთავრესი მიზეზი, რომელიც, თავის მხრივ, ხშირად ხდება ხოლმე არაობიექტურო და არასამართლიანი კითხვების გაჩენის საგანი. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს სამართლიანი კონკურენციის, კანონმდებლობის პირუთვნელად დაცვისა და შესაბამისად ჯანსაღი ბიზნესის წარმოების მნიშვნელობის თაობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად სურათი საწინააღმდეგოს გვაჩვენებს: ერთის მხრივ, ბაზარზე ოპერირებენ ბრენდული კომპანიები - უმსხვილესი დამსაქმებლები, უმსხვილესი ინვესტორები, სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთული ნავთობკომპანიები, ხოლო მეორეს მხრივ, ხშირ შემთხვევაში ვხვდებით უპასუხისმგებლო, ადმინისტრირების სისუსტით მოსარგებლე მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა, სამწუხაროდ ქვეყანას დაკარგულ მილიონებად უჯდება.
 
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აუცილებლად შეეცდება „აციკლური ნახშირწყალბადების“ იმპორტთან დაკავშირებულ საკითხში საფუძვლიანად, ობიექტურად და პროფესიულად გარკვევას და მოპოვებული ფაქტების საზოგადოებისთვის მიწოდებას“-აცხადებს მიშველაძე.